სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში უკვე შეგროვებულია ორი ათასამდე ხელმოწერა, რომელიც მესამე ვადით ე.წ. პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ხელმოწერების შეგროვების საინიციატივო ჯგუფის შტაბის ხელმძღვანელი არტურ ტადტაევი აცხადებს, რომ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი მიმდინარე წლის 23 აპრილს შეიქმნა.
"საინიციატივო ჯგუფი რეფერენდუმზე გამოსატანი ორი საკითხის შესახებ აგროვებს ხელმოწერებს - სახელმწიფოებრივამდე რუსული ენის სტატუსის ამაღლების შესახებ და საპრეზიდენტო ვადის ზედიზედ სამჯერ არჩევის შესაძლებლობის შესახებ", _ აცხადებს ტადტაევი და აღნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა საბუთი უკვე ჩაბარებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკოში და ცესკოს მიერ უკვე გაცემულია ნებართვა ხელმოწერების შეგროვების შესახებ.
"კონსტიტუციის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფმა 1000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. არადა ჩვენ უკვე 5-იდან 11 მაისის ჩთვლით 2000-ზე მეტი ხელმოწერა გვაქვს შეგროვებული იმ მოქალაქეებისა, რომლებიც თანახმა არიან ამ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ", _ აცხადებს ტადტაევი.