საქართველოში ისეთი მოვლენების განვითარება არ უნდა დავუშვათ, რომელიც რუსეთის ჩართულობის შესაძლებლობას გაზრდის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების შეფასებისას განაცხადა.
"საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ შემთხვევაში არ არის მარტივი და გადაწვეტილებებიც არ იქნება მარტივი, რადგან ერთი მხრივ, ხელისუფლების ამოცანაა, არ შეიზღუდოს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებები, მათ შორის მოსაზრებების გამოხატვა, თუნდაც მიტინგების, აქციებისა და მანიფესტაციების სახით. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამავე დროს, მკაფიოდ უნდა დავინახოთ, სად გადის ზღვარი დემოკრატიულ უფლებებსა და დესტაბილიზაციის მცდელობას შორის", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ შეაფერხონ ავტომაგსტრალებზე მოძრაობა, გადაკეტონ სარკინიგზო ხაზები, დაესხნენ თავს სახელმწიფო დაწესებულებებს ან პერსონალური თავდასხმები მოაწყონ პოლიტიკოსებზე თუ სხვებზე, მაშინ სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა ასეთი ქმედებების აღკვეთა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში ისეთი მოვლენები, რომელიც რუსეთის ჩართულობის შესაძლებლობას გაზრდის", -აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.