ნუგზარ წიკლაური: ოქრუაშვილის განცხადებები აღარ ტოვებს მინიმალურ ეჭვსაც, რომ პირდაპირ რუსეთის ხელისუფლების მიერ მართულები არიან
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები აღარ ტოვებს მინიმალურ ეჭვსაც, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ რუსეთის ხელისუფლების მიერ მართულები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა "ქართული პარტიის" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის "მაესტროს" ეთერში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
"ამ მეამბოხე, ე.წ. რევოლუციონერე პოლიტიკოსების მიზანი და ამოცანაა, რომ აღიდგინონ ის ექსკლუზიური პოლიტიკური და სოციალური სტატუსი, რომელიც მათ ჰქონდათ. ამ სტატუსის აღდგენისთვის კი არის ორი გზა. ერთი - მიმართონ საზოგადოებას და ამომრჩეველს და მოიპოვო მისი მხარდაჭერა არჩევნებში, ხოლო თუ ასეთი მხარდაჭერა არ არსებობს მაშინ უნდა დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ არაკონსტიტუციური გზებით მოახდინო პროვოცირება პოლიტიკური პროცესებისა და ექსცესების", - აღნიშნა წიკლაურმა.
დეპუტატის შეფასებით, კი მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი კვლევებმა აჩვენა, რომ მათი რეიტინგი 0-დან 1%-მდე მერყეობს, ასეთ შემთხვევაში ჩნდება საჭიროება გყავდეს ისეთი მხარდამჭერი, რომელსაც შეუძლია ფინანსური მხარდაჭერა გაგიწიოს.
"მთელ მსოფლიოში, არც ამერიკულ და არც ევროპულ საზოგადოებაში არ მოიძებნება ქვეყანა, რომლებმაც შეიძლება საქართველოში რევოლუციის ტირაჟირება და ფინანსირება მოახდინოს. ერთადერთი ასეთი ქვეყანა რუსეთი და მისი სატელიტები ნაურუ და ნიკარგაუაა. თუმცა არ ვიცი ამ ქვეყნებთან რა კავშირები აქვთ მაგრამ, სრულიად ცალსახად ჩანს, კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან", - აღნიშნავს წიკლაური.
ამასთან, უმრავლესობის წევრის შეფასებით, ნინო ბურჯანაძის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ ყველაფერი ნათელია, თუ გავიხსენებთ მედვედევი-პუტინთან შეხვედრების და 9 მაისს იმ ჯარის პარადში მონაწილეობა მიღების კადრებს, სადაც საქართველოში შემოჭრილი რუსი ჯარისკაცები მონაწილებდნენ და ბურჯანაძე იმ ადამიანებს ესალმებოდა ვინც საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა.
რაც შეეხება ოქრუაშვილისა და "ქართული პარტიას", წიკლაურის განცხადებით, რუსეთთან კავშირი მათივე გამონათქვამებიდან ჩანს.
"ერთია გამოვთქვათ ეჭვი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულები, მაგრამ მეორეა ის რასაც თვითონ ამბობენ, როგორც კიწმარიშვილი, ასევე გაჩეჩილაძე და სხვები. თავად ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები კი აღარ ტოვებს მინიმალურ ეჭვსაც, რომ ეს ადამიანები პირდაპირ მართულები არიან რუსეთის ხელისუფლების", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.