კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ორი კონფლიქტი სამად აქცია.
"მართალია ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთი კონფლიქტი აქვს - რუსეთთან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ორი კონფლიქტი სამად აქცია (აფხაზეთსა და ცხინვალთან). ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ, როცა უფლებამოსილება ამოეწურა და თბილისიდან გამგზავრებას აპირებდა, პირდაპირ თქვა, რომ უნდა ვიპოვოთ პირდაპირი კავშირები აფხაზებთან და ოსებთან. ჰანს იორგ ჰაბერმაც იგივე გაიმეორა და სხვათაშორის, მანაც მანდატის ამოწურვის შემდეგ. ეტყობა მანამდე ხმას ვერ იღებდნენ ან მათი არავის ესმოდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ამერიკის პროგრესის ცენტრის მიერ საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას.
აღნიშნულის კონტექსტში, კონფლიქტოლოგმა "მანკიერი" და "მიუღებელი" უწოდა საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთი კონფლიქტი წარმოაჩინოს.
"2005 წლის თებერვალში გავიგე პირველად ტერმინი "რუსეთთან კონფლიქტი". ეს მანკიერი და მიუღებელი პოზიცია გრძელდება ახლაც. ეს უნდა დამთავრდეს. რეალობა უნდა ვაღიაროთ. კონფლიქტები გვაქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთანაც. საჭიროა შევასუსტოთ რუსული გავლენები და დავიწყოთ რუსეთისთვის ამ რეგიონების გამოგლეჯა. ჩვენ გვაქვს ამის რესურსები. უამრავი სფეროა, სადაც რუსეთს არაფერი ესაქმება. ასობით კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, რომ ეს ხალხი შემოვირიგოთ და ერთად ვიმოძრაოთ ევროპის მიმართულებით. მაგალითად წყლის და გაზის მიწოდება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.