ექსპერტ ვასილ ჭყოიძის განცხადებით, ოპოზიცია აქციის, როგორც პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილის, გაუფასურებას ახდენს.
"აქციები ჩვეულებრივი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. მთავარია, ის მიმართული იყოს კონკრეტული, მიღწევადი ამოცანების გადასაჭრელად და არა ზოგად ლოზუნგზე, რომელიც უფრო აღრმავებს საზოგადოებაში იმედგაცრუებას ან ახდენს თავად აქციის, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მოვლენის, გაუფასურებას. დღეს ტენდენციას ვხედავ. ჩვენი ოპოზიცია ზოგადი ლოზუნგებით ახდენს აქციის როგორც პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილის გაუფასურებას", - აცხადებს ჭყოიძე.
როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მიტინგებითა და აქციებით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ პირობებში გამორიცხულია და ოპოზიციის შესაბამისი მცდელობა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
"ამ აქციებით შედეგად ვიღებთ მხოლოდ ერთს: საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ მიტინგებით ენერგია და დრო ფუჭად იხარჯება", - განუმარტა ჭყოიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".