ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს "არაი ჯორჯიას" ნაცვლად "აჭარა ჯგუფი" ააშენებს, რომელიც თბილისში Holiday inn-ის ბრენდის სასტუმროს უკვე ფლობს. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მხარეებს შორის გარიგება დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა.
გარიგების თანახმად, ბათუმში, "აჭარა ჯგუფმა" კომპანია "არაი ჯორჯიასაგან" გოგებაშვილის ქ. #10-ში მდებარე ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა შეიძინა, რომელიც, თავის მხრივ, "არაი ჯორჯიამ" სახელმწიფოსაგან 2009 წელს პირობებით შეიძინა.
"არაი ჯორჯიაში" და "აჭარა ჯგუფში" გარიგების დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა ცნობილია, რომ თავის დროზე "არაი ჯორჯიამ" ობიექტში 2,5 მლნ. დოლარი გადაიხადა.
"არაი ჯორჯიას" ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა ქონდა დაგეგმილი, თუმცა პროექტი არ დაუსრულებია. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსა და "არაი ჯორჯიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმეჯერმე გადაიხედა, თუმც ინვესტორმა პროექტის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის არსებული ხელშეკრულების თანხმად, "არაი ჯორჯია" ვალდებული იყო, არანაკლებ 60-ნომერიანი სასტუმრო და კაზინო აეშენებინა.
"აჭარა ჯგუფისა" და Holiday inn-ის გენერალური დირექტორი ივა დავითაიას განცხადებით, "აჭარა ჯგუფი" ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას 2013 წლისთვის დაასრულებს და სასტუმრო 200 ნომერზე იქნება გათვლილი.
"რაც შეეხება სასტუმროს ბრენდს, ვერ გეტყვით შესაძლოა ისიც Holiday inn-ის, ან სხვა ბრენდის იყოს", - განაცხადა დავითაიამ.
"აჭარა ჯგუფი" სასტუმროს მშენებლობაში დაახლოებით 25 მლნ. დოლარის ინვესტირებას გეგმავს.