საია პოლიციის მიერ ადამიანის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა "პოლიციის შესახებ" კანონში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებები და მასში არსებული ხარვეზები გააკრიტიკა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მისგან "პოლიციის შესახებ" კანონის მე-91 (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება) მუხლის ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა, კონსტიტუციის მე-18 (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებთან მისი წინააღმდეგობის გამო.
"პოლიციის შესახებ" კანონში აღნიშნული დამატების შეტანასთან დაკავშირებით საიამ პარლამენტს გადაუგზავნა შენიშვნები. საია აღნიშნავდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ზედაპირული შემოწმება არ იყო ადამიანის შეჩერების თანმდევი აუცილებელი შედეგი.
"ამ შემთხვევაში კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იძლევა იმ მიზნის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ აჩერებს პოლიციელი ადამიანს. გარდა ამისა, კანონში არ ჩანს, რას ნიშნავს გონივრული ეჭვი, რით განსხვავდება ეს უკანასკნელი დასაბუთებული ვარაუდისაგან, რაც სისხლის საპროცესო კოდექსით ადამიანის დაკავების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. პოლიციელს არ ევალება განუმარტოს პირს, თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის ჩადენის გამო მოხდა მისი შეჩერება. კანონიდან არ ჩანს, როგორ ტარდება ზედაპირული შემოწმება და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი ჩხრეკისაგან. რაც მთავარია, არ ხდება შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების დოკუმენტირება, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოში პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედბების მტკიცების შესაძლებლობას", _ აცხადებენ საიაში.