კალათბურთის ფედერაციაში სადისციპლინო კომიტეტის სხდომა იწყება.
სხდომაზე ფედერაციის წარმომდგენლები გუშინ, სპორტის სასახლეში შსს-"სოხუმის" მატჩის დროს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც კომიტეტის წევრები აცხადებენ, კალათბურთელებს სანქციები დებულების მიხედვით დაეკისრება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღემდე მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა და კალათბურთელებს მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მითუმეტეს ქალისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტის სასახლეში გამართული შსს-"სოხუმის" მეოთხედფინალური სერიის ბოლო, მესამე მატჩი ინციდენტის გამო შეწყდა.
შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე, მსაჯმა მაკა კუპატაძემა შსს-ს კალათბურთელი ბესიკ ლეჟავა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვერ შეიკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ამას გულშემატკივართა აღშფოთება დაერთო და მსაჯებმა შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ეპიზოდისთვის ანგარიში "სოხუმის" სასარგებლოდ 79:75 იყო, შესაბამისად გამარჯვებულად "სოხუმი" ჩაითვალა.