თბილისში 6-იდან 19 მაისის ჩათვლით, ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 26 ქვეყნის 134 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და მისი მთავარი მსაჯი: მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ალექსანდრია იქნება.
საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი მოჭადრაკეები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები შედიან.