ხვალ, 5 მაისს, ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს სამინისროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე. უტიაშვილის განცხადებით, ქართული მხარის მიერ შეხვვედრაზე დასაყენებელი საკითხების შესახებ ქართული მხარე განცხადებას შეხვედრის წინ გააკეთებს.
"დვანში შეხვედრა გაიმართება. რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე, შეხვედრის დაწყების წინ გახდება ცნობილი", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრა 8 აპრილს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოს სეპარატისტებს დაკავებულების გაცვლის პროცესის გაგრძელება შესთავაზა, რაზედაც სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პროცესი მხოლოდ მას შემდედ შეიძლება გაგრძელდეს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ სასამართლო განხილვა დასრულდება.
ოს სეპარატისტთა ტყვეობაში ამჟამად საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება.
აღნიშნული შეხვედრები ადრე სოფელ ერგნეთში ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ერგნეთის სკოლაში "ნატოს კუთხე" გაიხსნა, სეპარატისტებმა ამ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და შეხვედრის ადგილის სოფელ დვანში გადატანა მოითხოვეს.