"საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოქმედების ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება იმ დამოკიდებულებას ეფუძნება, რომელსაც საქართველო აშშ-ის მიმართ იჩენს", - ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მისი განმარტებით, ვიზების მოქმედების ვადის გაზრდა ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შორის ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში მიმოსვლას, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ აშშ საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვიზების ვადის ხანრგძლივობას ზრდის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება ვაშინგტონში გამართული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
"ტურისტული და სამუშაო (B1/B2), ასევე ტრანზიტული (C1/D) მრავალჯერადი ვიზების ხანგრძლივობა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გაიზრდება. აშშ-ის ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდა შეეხება A, F, G, H, J, L, M, O, P, Q, R კატეგორიებსაც, რომლებიც არსებული მრავალჯერადი 12-თვიანი ვიზებიდან 60 თვემდე გახანგრძლივდება. რაც შეეხება B, C, D კატეგორიის მრავალჯერად ვიზებს, მათი მოქმედების ვადა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გახანგრძლივდება", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.