ფეხბურთელ კახი კალაძესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მოლაპარაკებები თანხის დაფარვის გრაფიკის შედგენაზე მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ ჭელიძის თქმით, კომპანია "არსენალ სითისთან" ხელშეკრულება 2008 წელს გააფორმდა, რაშიც ინვესტორს 38 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მილიონი ინვესტიცია განეხორციელებინა
"ხელშეკრულებაში საპრივატიზაციო თანხის დაფარვის გრაფიკი გაწერილია, რომლის მიხედვითაც კალაძეს 2008 წლის დეკემბრამდე უნდა დაეფარა 38 მილიონ 20 ათასი დოლარი. მან შემოიტანა ამ თანხის ნაწილი, 18 მილიონ 10 ათასი დოლარი. მას შემდეგ თანხა არ გადაუხდია. ამჟამად, ინვესტორთან მოლაპარაკებები გვაქვს რა გრაფიკით უნდა მოხდეს თანხის დაფარვა და რა ვადებში უნდა შესრულდეს ინვესტიცია. ჩვენ მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ინვესტორს, მაგრამ უნდა გვქონდეს ამისთვის რეალურად გეგმები", - განმარტავს ჭელიძე.
მისივე თქმით, კალაძის მხრიდან საუბარი იყო ვალდებულებების გადავადებაზე, რაზეც სამინისტრო თანახმაა, თუმცა მოთხოვნები კომპანიის წარმომადგენელბის მხრიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო.
"მზად ვართ, რომ საინვესტიციო ვალდებულებების გადავადება მოხდეს, მაგრამ სანამ ინვესტირებაზე იქნება საუბარი მიწის თანხა უნდა დაფაროს. ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, რაღაც ჩამოვართვათ და ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენოთ. გვსურს, რომ საპრივატიზაციო თანხა დაიფაროს და სხვა ვალდებულებებზე მოხდეს მოლაპარაკება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ჭელიძემ უარყო ინფორმაცია, რომ კომპანიის კუთვნილ ნაკვეთზე საპატრიარქო რაიმე სახის მშენებლობას ახორცილებს.
შეგახსნებთ, რომ ფეხბურთელ კახი კალაძესა და მთავრობას შორის "არსენალ სითის" პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერებულია.
დღემდე „კალა კაპიტალს" საპრივატიზაციო დარღვევებისთვის ყოველდღიურად 19 ათასი აშშ დოლარის საურავი ერიცხება.
კახი კალაძისა და მთავრობას შორის უთანხმოება 2008 წლიდან არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ კალაძე ეკონომიკის სამინისტროსგან პროექტის განხორციელების ვადების გადაწევას მოითხოვდა. თუმცა, ფეხბურთელმა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია.
მთავრობასა და კახი კალაძეს მიერ დაფუძნებულ "კალა კაპიტალს" შორის რამდენიმე წლის წინათ გაფორმებული საპრივატიზაციო ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ "არსენალის" მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულებიდან (38 მლნ აშშ დოლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველ ეტაპზე 19 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, დანარჩენი თანხა კი 2012 წლამდე ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. გადახდის გრაფიკის მიხედვით, მენეჯმენტს 2008 წლის 15 სექტემბრამდე 9,490 მლნ. აშშ დოლარი უნდა დაეფარა, რაც არ გადაუხდია.
კომპანიის დამფუძნებელი კახი კალაძე აცხადებდა, რომ "არსენალ სითის" მსგავსი მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას გლობალური კრიზისის ფონზე აზრი ეკარგება და ამიტომ კალაძე ვალდებულებების გადავადებას ითხოვდა. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია კალაძეს პროექტში პარტნიორის შეყვანას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით ემუქრებოდა.
პროექტის მიხედვით, "არსენალ სითი" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სამთავრობო ოფისები უნდა ააშენოს.