რუსეთი ესტონეთს დღეს თავს არ დაესხმება, მაგრამ შეიძლება ეს ხუთ-შვიდ წელიწადში გააკეთოს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მას სთხოვეს კომენტარის გაკეთება New Yorker-ის სტატიაზე, რომელშიც აღწერილი იყო ესტონეთში ჩატარებული წვრთნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის.
სტატიის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი. საერთო ჯამში, ესტონეთისთვის „საქმეები არც ისე კარგად წარიმართება“, - აღნიშნულია სტატიაში.
რუტეს თქმით, New Yorker-ის სტატიის ავტორები მართლები არიან. თუმცა, ეს საგანგაშო სიგნალი არ არის, რადგან ნატო-ს „ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა გეგმა აქვს“.
„ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში - და რუსებმა ეს იციან - ჩვენი რეაქცია დამანგრეველი იქნება. ყველა დეტალში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმირ პუტინი ამ გადაცემებს უყურებს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები, არამედ ადამიანები და სამხედრო ტექნიკაც გვაქვს მათ განსახორციელებლად. და სწორედ ამიტომ უნდა დავხარჯოთ მეტი [თავდაცვაზე].
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესტონელები მარტო დარჩებიან. მათ დასახმარებლად ნატო-ს სრული ძალები მოვა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა იქნება.
პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს ესტონეთს დღეს. თუმცა, შესაძლოა, ხუთიდან შვიდ წელიწადში დაესხას თავს, თუ ყველა ამ დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, - განმარტა რუტემ.
როდესაც ჰკითხეს, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ ესტონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები ქვეყანას დახმარებას გაუწევდა, რუტემ უპასუხა, რომ 100 პროცენტით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „სრულად ერთგულია მე-5 მუხლის“ [ნატო-ს ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად მიიჩნევა].
„ეჭვი არ მეპარება და ეს ჰააგაში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე ძალიან ნათლად ითქვა. ასევე ყველაფერი, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან განვიხილე - აბსოლუტურად ეჭვგარეშე აყენებს, რომ შეერთებული შტატები სრულად ერთგულია ნატო-ს, სრულად ერთგულია მე-5 მუხლის. არსებობს ერთი დიდი გამაღიზიანებელი ფაქტორი და ეს არის ის ფაქტი, რომ ევროპელები არ იხდიან თავიანთ სამართლიან წილს“, - განაცხადა რუტემ.