საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, კონკრეტული პირის მიერ სასჯელის მოხდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებას არ შეიძლება უკავშირდებოდეს. ამის შესახებ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით შეფასებისას აღნიშნა.
"შეწყალების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის გამო, რომელიმე კონკრეტული პირის მიერ სასჯელის მოხდა უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებას. ეს ადამიანები არიან ძალიან კონკრეტული თაღლითური სქემის გამო დაკავებულები", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ბიზნესმენებს სურდათ საქართველოს ხარჯზე მიეღოთ რამდენიმე ასეული მილიონის მოგება, როცა არაფერი სახელმწიფოს სასარგებლოდ არ გაუკეთებიათ.
"მათ უბრალოდ ისარგებლეს იმით, რომ 90-იან წლები საქართველოში სრული ქაოსი იყო და მათთვის პასუხის მოთხოვა არავის არ შეეძლო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის აბსოლუტურად სწორი", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.