მობილური ოპერატორი ბილაინი იწყებს ახალ სოციალური პასუხისმგებლობის აქციას "მობილურ ეტიკეტი". როგორც ბილაინი იუწყება, პროექტის მიზანია მობილური "ტელეფონის ეთიკური გამოყენების წახალისება ისეთ სიტუაციებში, როდესაც მობილური ტელეფონის გამოყენებამ შეიძლება გარშემომყოფთა ზიანი მიაყენოს ან დისკომფორტი შეუქმნას".
კამპანიის ფარგლებში, სოციალური მედიის საშუალებით ჩატარდება მასშტაბური გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"მობილური ტელეფონი არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. დღეს წარმოუდგენელია ტელეფონის გარეშე ცხოვრება, მუშაობა, მოგზაურობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ეთიკურად გამოყენება, განსაკუთრებით, როდესაც ტელეფონზე საუბარი შეიძლება გარშემომყოფთათვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ბილაინის პროექტი მიზნად ისახავს ამ პრობლემის ირგვლივ კვლევის ჩატარებას და საგანგებო ქარტიის შემუშავებას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ ორგანიზაციებს, ვისთვისაც მობილურის ეთიკურად გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, კინო, თეატრი, ბიბლიოთეკები, ავიაკომპანიები. მსგავსი ტიპის კვლევები მრავალ ქვეყანაში ტარდება, თუმცა ჩვენს კვლევას ემატება ერთი ახალი პუნქტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. კიბერ დანაშაულის" ერთ-ერთი ფორმა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მობილური ოპერატორების მხრიდან, არის მობილური ტელეფონის კამერით გადაღებული ვიდეოების გავრცელება ინტერნეტსფეროსა და სოციალურ ქსელებში ადრესატების თანხმობის გარეშე. ამ ტიპის დანაშაულს ხშირად ფატალური შედეგები მოაქვს ხოლმე", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.
მობილური ეტიკეტის კვლევის შედეგად მიღებული შედეგების დისკუტირება მოხდება მედიის მეშვეობით, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ტელეფონის ეთიკურად გამოყენების რეგულირების საკითხში.