უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ბინ ლადენის ლიკვიდაცია შეერთებული შტატების ღირსების საკითხი იყო.
როგორც სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჩატარებული სპეცოპერაციით, აშშ-მა დაადასტურა, რომ ძლიერი სპეცსამსახური და ანტიტერორისტული ჯგუფი ჰყავს, თუმცა ბინ ლადენის ლიკვიდაცია ტერორიზმის დამარცხებას არ ნიშნავს.
"როცა ასეთი დონის ტერორისტის ლიკვიდაცია ხდება და თან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ადვილი წარმოსადგენია, რომ ის რთული ოპერტაცია უნდა ყოფილიყო. აშშ-მა დაადასტურა, რომ საკმაოდ ძლიერი სპეცსამსახური ჰყავს და ძლიერი ანტიტერორისტული ჯგუფი, რომელმაც ეს სპეცოპერაცია ჩაატარა. მაგრამ ბინ ლადენის ლიკვიდაცია არ ნიშნავს რომ ტერორიზმი აღარ იარსებებს. პირიქით, იქედან გამომდინარე, რომ ბინ ლადენი არ იყო რიგითი ტერორისტი, ის იყო ტერორიზმის სიმბოლო უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ ტერორისტულ ჯგუფებს ექნებათ აშშ-ზე და ყველაზე, ვინც ამ სპეცოპერაციას მიესალმა, შურისძიების მცდელობა", - განუცხადა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე აზრით, სპეცოპერაციის ჩატარებას სავარაუდოდ ხელი თავად პაკისტანის ხელისუფლებასაც უნდა შეეწყო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტულ კოალიციას მისი წარმატებით დასრულება გაუჭირდებოდა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ბინ ლადენის ადგილი, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ შემცვლელზე მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, სავარაუდოდ, სიცოცხლეშივე იზრუნებდა და "მემკვიდრეს" წინასწარ შეარჩევდა.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ ბინ ლადენს წინასწარ ექნებოდა გადაწყვეტილი, თუ ვინ ჩაიბარებდა დასავლეთთან ბრძოლას მისი გარდაცვალების შემდეგ. ალბათ, ახალი ლიდერი მალე გამოჩნდება", - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლულია. ამის შესახებ ერისადმი მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ჰქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება, მისი დაკავების შესახებ. ოპერაცია ნომერ პირველი ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანში, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.