"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ის უნიკალური ბუნებრივი და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას გამოიწვევს. როგორც ჩხარტიშვილმა "დედამიწის დღესთან" დაკავშირებულ საგანგებო ბრიფინფზე აღნიშნა, ჰესის მშენებლობა იქ მცხოვრებ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
"აბსოლუტურად მიუღებელია სააკაშვილის რეჟიმის მიერ, საბჭოთა მმართველების პერიოდში ქართული საზოგადოების თავგანწირული ბრძოლის შედეგად შეჩერებული, საქართველოს ბუნებრივი და ისტორიული მემკვიდრეობის ნგრევა-განადგურებისკენ მიმართული პროექტების რეანიმაცია, ისეთების, როგორიცაა: ხუდონჰესის მშენებლობა და დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიის სამხედრო პოლიგონად გადაქცევა. დაუშვებელია, საქართველოში, სადაც 26 000-ზე მეტი მდინარეა, ამასთანავე არსებობს ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების ფართო პერსპექტივა, ხელისუფლება დაკავებული იყოს მსხილი ჰიდორელექტროსადგურების მშენებლობის იდეით, ისეთების, როგორიც „ჰუდონჰესი", „ნამახვანჰესი", „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი". საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი მეგაელექტროსადგურები და ჰიდოროელექტროსადგურების კასკადები, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე ბუნებრივ და კულტურულ გარემოს, კერძოდ: იცვლება კლიმატი, აქტიურდება მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, იტბორება ეკოსისტემები, ისტორიული ძეგლები, სოფლები და ნაყოფიერი მიწები, განუზომლად იზრდება ტერორისტული აქტებისა, თუ სამხედრო ოპერაციების, ან სეისმური მოვლენების შემთხვევაში ადამიანთა მსხვერპლის ოდენობა", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია მხოლოდ მოკლევადიანი პირადი კორუფციული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ, თანაც მიმდინარე საბიუჯეტო კრიზისების გადაწყვეტისკენ და არა საქართველოს გრძელვადიანი და მდგარადი განვითარებისკენ.
"ამგვარი მიდგომის გამოხატულებაა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის პრაქტიკულად სრული განადგურება, ისედაც თითქმის უმოქმედო გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიულ ფიქციად გადაქცევა, ასევე საპრივატიზაციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებში იყიდება და ნადგურდება საქართველოს უნიკალური ტყეები და ქალაქების რეკრაციული ზონები, ხოლო ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები გაიცემა მათი დაუნდობელი ექსპულაციისთვის, რომელიც ამასთანავე მოძველებული და გარემოსთვის ზიანის მომტანი ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება", - განმარტავს ჩხარტიშვილი.
21 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს უახლოესს დღეებში „ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებას ინდურ კომპანია „კონტინენტალ ენერჯისთან".