20 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნატო-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ სტუ-ის ახლად აღდგენილი საესტრადო ორკესტრი, ანსამბლი "ურსა", ხალხური სიმღერების ანსამბლი "ქართველო", ხალხური ცეკვის ანსამბლი "მერანი", მომღერალი ნუკრი კაპანაძე და სხვა კოლექტივები.
გარდა ამისა, გაიმართება სტუ-ის ახლად აღდგენილი ორკესტრის პრეზენტაცია.
საესტრადო ორკესტრს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. იგი 1932 წელს შეიქმნა. მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, ორკესტრის ყველა კონცერტი სრული ანშლაგით ტარდებოდა. იგი წარმატებით უწევდა შემოქმედებით მეტოქეობას ქვეყნის საუკეთესო პროფესიულ საესტრადო კოლექტივებს, ბევრი სიახლე შეიტანა ესტრადაზე, რამაც დროის გამოცდას გაუძლო. ეს იყო პირველი ორკესტრი, რომელმაც წინ წამოწია კონფერანსიეთა როლი, ჩამოაყალიბა ვოკალური კვარტეტი და ტრიო, დაამკვიდრა ახალი თემატიკა და ფორმები, იღვწოდა ეროვნული სახის შესაქმნელად, ესტრადაზე გზა გაუკაფა იუმორს, ქართულ სიტყვას, სიმღერას, ცეკვას, ჯაზურ იმპროვიზაციებს. იგი საესტრადო ძალების ნამდვილი სამჭედლო იყო _ ქართული ესტრადის გამოჩენილ წარმომადგენელთა დიდმა უმრავლესობამ სწორედ აქ აიდგა ფეხი.
1990-იანი წლებიდან, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ორკესტრმა არსებობა დროებით შეწყვიტა.
ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და პირადად რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივით, მოხერხდა ორკესტრის აღდგენა.
რექტორის ხელმძღვანელობითვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი დათო აბესაძის, ჯემალ ბაღაშვილის, თამუნა ბზვანელის, რეზო გელაშვილის, სოსო გიორგაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზაზა ვეფხვაძის, ირაკლი მამაცაშვილის, თამაზ ორჯონიკიძის (კოორდინატორი), თამაზ სეფერთელაძის, ირმა სოხაძის, თემურ ტუღუშის, ოთარ წეროძისა და გია ჭირაქაძის შემადგენლობით. 2012 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე და ორკესტრის შექმნიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ჯგუფი გეგმავს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ორკესტრის სახელობითი ,,ვარსკვლავის" გახსნას.