ნიკო ფიროსმანის "შავი ლომის" შესახებ მოსკოვიდან გამოგზავნილი დოკუმენტები ფალსიფიცირებულია.
აღნიშნულს ტილოს ქართველი მფლობელი ყარამან ქუთათელაძე ამტკიცებს, რომელიც მემკვიდრეობით მიღებულ "შავ ლომზე" უფლებამოსილების რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ ეფიმოვზე გადაცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ხელმოწერის ექსპერტიზას მოითხოვს.
"ხელმოწერის გაყალბება დღეს არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ ფალსიცირებასთან გვაქვს საქმე. დოკუმენტში წერია, რომ მე ნამუშევარი, რომელიც მილიონებად არის შეფასებული, 2 ათას დოლარად დავთმე. ეს სასაცილოა", - განუცხადა ქუთათელაძემ ჟურნალისტებს.
აღნიშნულ კონტექსტში, "შავი ლომის" ქართველო მფლობელი აცხადებს, რომ ნამუშევარი საქართველოს ფარგლებს გარეთ მხოლოდ არალეგალური გზით შეიძლებოდა გასულიყო.
ქუთათელაძე უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან და საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას გამოძიებას პირადად მიაწვდის.