რუსეთში შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დავით ადეიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მაშინ აიყვანეს, როცა იგი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორის მოადგილის მკვლელობისთვის პოტენციურ ქილერს ფულს უხდიდა.
მათივე მტკიცებით, დავით ადეიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატია, თუმცა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მას ვერ იხსენებენ.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძის განცხადებით, მოჭიდავეები მას არ იცნობენ და არც მისი მიღწევების შესახებაა მათთვის ცნობილი.
"თუ სპორტის ოსტატია, მაშინ ყველა ვარიანტში გვეცოდინებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს სრული სიცრუეა და ადეიშვილს სპორტთან შეხება არ აქვს და არა მარტო ჭიდაობასთან, არამედ სხვა სახეობასთანაც", - აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.
რუსული მედიის ინფორმაციითვე, დავით ადეიშვილი წარმოშობით სამტრედიიდანაა, თუმცა 20 წელი მისი ოჯახი იქ აღარ ცხოვრობს.