20 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გაიმართება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გამართავენ ერონული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ნეკა სებისკვერაძე, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დირექტორი დათო ჯანელიძე, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის კომუნიკაციების დირექტორი ჯაბა სიხარულიძე.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" 17-21 მაისს გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი, ისრაელის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, კინოსტუდია „ქართული ფილმი", ფონდები „ცის ხიდი" და „ტატო".
ფესტივალის პარტნიორები არიან კომპანიები „კაპაროლი", „ისი-პარი", ყავა „პელე" და ჩაი „გურიელი".
ფესტივალის მედია პარტნიორები არიან: ჟურნალი „FOCUS", „თბილისიOUT" გაზეთები „24 საათი" და „რეზონანსი", საინფორმაციო სააგენტოები „GHN" და „IPN", რადიოები „უცნობი", „მუზა" და „რადიოქალაქი".
ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა კინოსკოლების ნამუშევრები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, თურქეთი, უკრაინა, ესპანეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ლატვია, ბულგარეთი, ლიტვა, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სამხრეთ აფრიკა, ირანი, პოლონეთი, რუსეთი და საქართველო - ჯამში, 18 ქვეყნის სხვა და სხვა კინოსკოლის სტუდენტური ნამუშევრებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
2011 წლიდან „ამირანით" მხოლოდ 4 ფილმი დაჯილდოვდება: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმი და გაიცემა ჟიურის პრიზი.
ამ ოთხი ნომინაციის გარდა, სპეციალური დიპლომებით აღინიშნებიან სტუდენტები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში.
ფესტივალის გახსნის საღამოზე ნაჩვენები იქნება დათო თაყაიშვილის სტუდენტური ანიმაციური ფილმი „ჭირი", რომელიც კანის ფესტივალის 1983 წლის პრიზიორია. ასევე, გაიმართება „კინომუსიკის" საღამო, რომელსაც დათო ევგენიძე უხელმძღვანელებს.
წელს ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან ბოგდან ძივორსკი - პოლონეთი, ინეკე სმიტსი - ნიდერლანდები, დოვერ ქოსაშვილი - ისრაელი, ანდრეა ვინკი - გერმანია და ირა კუჭუხიძე - საქართველო.
ტრადიციისამებრ, ჟიურის ყველა წევრი მასტერკლასს ჩაატარებს ან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან.
ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ჟიურის წევრი დოვერ ქოსაშვილი რეჟისურის მასტერკლასს ჩაატარებს და თავის ახალ ფილმს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს, ხოლო თელ-ავივის კინოსკოლის წარმომადგენელი ელენა იანოვსკი, ამავე სკოლის ნამუშევრების პრეზენტაცია-ჩვენებას წარუძღვება.
გოეთეს ინსტიტუტში ანდრეა ვინკი, ფესტივალ goEast-ს წარადგენს. ასევე, გაიმართება გერმანიის NEW GENERATION ფილმების პრეზენტაცია-ჩვენება და წვეულება.
ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ცნობილი ფრანგი რეჟისორების სტუდენტური ფილმების პრეზენტაცია-ჩვენება მოეწყობა.
შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ფესტივალს ესტუმრება ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის კინოფაკუტეტის ხელმძღვანელი ჟან პერრე. იგი გამართავს ჟან ჟაკ რუსოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას, რომელშიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პირველად ფესტივალის არსებობის განმავლობაში, შედგება სტუდენტური ურთიერთთანამშრომლობა. სელექციის შედეგად, მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან ფესტივალზე მოწვეული 15 სტუდენტი, რამდენიმე შერეულ ჯგუფად ჩამოყალიბდება, რომელიც ONE SHOT MOVIE-ს პრინციპით გადაიღებს ფილმებს - კო-პროდუქციას. შემდგომში, შესაძლებელი იქნება „ამირანის" სახელით ამ ფილმების სხვადასხვა ფესტივალებზე გატანა, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს საერთაშორისო მასტაბით.
ასევე, მოეწყობა PROJECT PRESENTATION, რაც მომავალ კინოხელოვანებს, პროექტების განვითარების მეთოდებს შეასწავლის.
წლევანდელი ფესტივალი განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე - ახალი ლოგო და ანიმაცია - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ანიმატორების, თეა ვაწაძისა და ნიკოლოზ გელაშვილის შემოქმედებაა.
ფესტივალი 20 მაისს დაიხურება, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, მოეწყობა წვეულება. ხოლო 21 მაისს, არასაკონკურსო ჩვენებები გაიმართება.