საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციას "მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონთან" მიმართებაში პარალელის გავლებას თეთრი სახლის მაგალითთან ურჩევს.
როგორც ცისკარიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულს სხდომაზე განაცხადა, კარგი იქნება ოპოზიცია დაფიქრდეს, რა მოხდება, თუ აშშ-ში თეთრი სახლის მისადგომებთან მანიფესტაცია მოეწყობა და ან აშშ-ის დედაქალაქში ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულებასთან.
"რა თქმა უნდა ასეთი შეზღუდვები არსებობს. თქვენ კი ამტკიცებდით, რომ ქუჩის გადაკეტვა საკნებით და ბარიკადებით შესაძლებელიაო და ეს კონსტიტუციურიაო, მაგრამ ამაზე პასუხი მიიღეთ", - განაცხადა ცისკარიშვილმა ოპოზიციის მისამართით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას მათი გამოსვლები შეახსენა, როდესაც ისინი სასამართლოს დამოუკიდებლობას ეჭქვეშ აუყენებენ და მათ "ჯიბის სასამართლოებს" უწოდებენ.
"ნახეთ და მოისმინეთ თუ არა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პრინციპებს ეფუძნება. ამ ფაქტს უნდა დაფასება, სასამართლოს რეფორმირების შედეგად, პრინციპული სასამართლო მივიღეთ", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის წარმომადგენელთა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებებისა და მანიფესტაციის ჩატარებას კრძალავდა.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის ნორმას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქალაქეს არ ეძლეოდა უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი ყოფილიყო, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს - აქციისთვის ორგანიზება გაეწია და პასუხისმგებელი პირი ყოფილიყო.