პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შეწყალებასთან დაკავშირებით მათი ოჯახის წევრთა განცხადება სავარაუდოდ, 20 აპრილს შევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსჯავრდებულთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, შესაბამისი დოკუმენტაცია ისრაელიდან უკვე გამოგზავნილია და მათ მიღებას სწორედ ხვალისთვის ვარაუდობენ.
"შესაბამისი დოკუმენტაცია ისრაელიდან უკვე გამოგზავნილია და წესით, ის 20 აპრილს უნდა მივიღოთ. როგორც კი ბიზნესმენების ოჯახის წევრთა განცხადება ხელთ მექნება, მას პრეზიდენტის კანცელარიაში დაუყოვნებლივ წარვადგენ. ეს ალბათ 20 აპრილსვე, მაქსიმუმ 21 აპრილს მოხდება", - განმარტა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.