ტერორისტული ორგანიაცია ალ-ქაიდას ლიდერი, მსოფლიოს პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი ხან ავანეთის ტერიტორიაზე იმალება, ხან კი პაკისტანში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსმა განაცხადა.
"ტერორისტი #1, როგორც ადრე, სისტემატურად გადაადგილდება და პაკისტან-ავღანეთის საზღვრის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იმყოფება", - განაცხადა ჯონსმა და დასძინა, რომ ბინ ლადენმა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი სწორედ ავღანეთში დაგეგმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ორიოდე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა აღიარა, რომ აშშ-ის დაზვერვას არ გააჩნია ერთმნიშვნელოვანი მონაცმები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ადგილსამყოფელის შესახებ.
მან ასევე ვერ დაადასტურა რამდენიმე დღის წინ დაკავებული "თალიბანის" მოძრაობის ერთ-ერთი წევრის მიერ სპეცსამსახურებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ.
ობამას ადმინისტრაციის წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ბინ ლადენი ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის პაკისტანურ მხარეს იმყოფება. ჯონსმა კი პირველად აღიარა საჯაროდ, რომ ალ-ქაიდას ხელმძღვნელი შესაძლოა პერიოდულად ავღანეთშიც იმყოფებოდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, უსამა ბინ ლადენი პაკისტანის ტერიტორიაზე არ იმყოფება.