დიდებული დღეა ამერიკისთვის, ჩვენ ერაყს ვტოვებთ ახალი პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის ხელში, რომელსაც თავიდანვე ვუჭერდი მხარს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერაყიდან გასვლას ეხმიანება.
„დღეს მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების ბოლო დანაყოფები ერაყს ტოვებენ! ამას დიდი დრო დასჭირდა და თავიდანვე ძალიან ცუდი გადაწყვეტილებების გამო აღმოვჩნდით ამ რთულ ვითარებაში, თუმცა მალე ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილი გახდება.
დიდებული დღეა ამერიკისთვის, რაც მთავარია, ჩვენ ერაყს ვტოვებთ ახალი პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის ხელში, ადამიანის, რომელსაც თავიდანვე ვუჭერდი მხარს და სრულად ვუჭერდი მის კანდიდატურას. მან არჩევნებში გაიმარჯვა მაშინ, როდესაც ამის მოლოდინი არავის ჰქონდა, თანაც დიდი უპირატესობით!
ოპერაცია Operation Inherent Resolve, რომელიც 2003 წელს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, 2014 წელს ბარაკ ჰუსეინ ობამას ადმინისტრაციის, მოგვიანებით კი „მძინარა ჯო“ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში გაგრძელდა და 2026 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით სრულდება.
ეს დღე გამარჯვებაა შეერთებული შტატებისთვის, გამარჯვებაა ერაყისთვის და გადამწყვეტი გამარჯვებაა ISIS-ზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორც პირველმა, ისე მეორე ვადაში, სხვა ძალიან ცუდ და საშიშ მოთამაშეებთან ერთად, სრულად გაანადგურა.
ავღანეთისგან განსხვავებით, სადაც ბევრი სამხედრო აღჭურვილობა და სხვა ნივთები დავტოვეთ და 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ბევრი კი მძიმედ დაიჭრა, კოალიციური ძალებისა და აღჭურვილობის ეს მოწესრიგებული გასვლა ერბილის ავიაბაზიდან ძალიან ძვირადღირებული და ჯოჯოხეთური მისიის დასასრულს ნიშნავს.
მე მკაფიო მისია დავსახე, ჩვენს მეთაურებს მისიის შესასრულებლად საჭირო საშუალებები მივეცი და არ დავუშვი, რომ დროებითი ყოფნა მუდმივ ყოფნად ქცეულიყო.
მე მქონდა არჩევანი - დავრჩენილიყავით თუ წავსულიყავით და ყოველგვარი ეჭვის გარეშე მივიჩნიე, რომ ამერიკის სახლში დაბრუნების დრო იყო!
პრემიერ-მინისტრი ალ-ზაიდი გამორჩეული ადამიანია და იმედი მაქვს, ყველაფერს ძალიან კარგად გაუმკლავდება.
ჩვენ ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩავედით. ხალიფატი აღარ არსებობს.
ჩვენ სახლში ვბრუნდებით!" - წერს ტრამპი.