"დამოუკიდებლობის მთავარი ქვაკუთხედი განათლების სისტემაა. განათლების სისტემა, რომელიც შენდება, ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწის, პარლამენტარის, პრეზიდენტის საქმიანობა. ჩვენ ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც სახელმწიფოებრივად მთლიანად ახალ მენტალიტეტს წარმოშობს",_აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისის ახალ სკოლაში სერთიფიციტებულ პედაგოგებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობის განმტკიცებაა ის, რომ საქართველო ემშვიდებება კორუფციას და დღესაც ბევრ ადამიანს არ ესმის, სად გაქრა იგი.
"ხშირად ამბობენ, კორუფცია აღარ არის ქუჩაში, მაგრამ სადღაც უნდა იყოს, ნუთუ ამ ადგილებს აფუჭებენ ეს ბედოვლათები _ სააკაშვილი, მისი მინისტრები? შეუძლებელია კორუფცია არ იყოსო. ვერც ერთ პოლიციელს, პროკურორს, გამგებელს ვერ მოსთხოვ, იყოს პატიოსანი, თუ თავად არ ხარ პატიოსანი. მთელი ეს ზღაპრები იმ მენტალიტეტიდან ამოდის, რომ ეს ქვეყანა ადრე არ იყო ჩვენთვის",_აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კორუფციის დაძლევა მარტო ქრთამის აუღებლობას არ ნიშნავს. ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში მიღება კონკურსით უნდა იყოს.
"არ შეიძლება, ნათესავი, ბიძაშვილი ინიშნებოდეს გამგებლად, მინისტრის მოადგილედ, დეპარტამენტის უფროსად. ეს უნდა მოხდეს კონკურსის საფუძველზე და ყველასთვის გამჭვირვალედ", _ აცხადებს სააკაშვილი.