საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ინტერესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამის შესახებ ბოკერიამ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს ის ხალხია, რომლის მხარდამჭერა საქართველოსთვის კრიტიკულ პროცესში გადამაწყვეტი იყო ჩვენი სახელმწიფოს არებობისთვის, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის. ამას აფასებს საქართველოს მთელი საზოგადოება. საქართველო ყოველთვის მზად არის ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში გააძლიერებს, იყოს პარტნიორი შეერთებული შტატებისა. ეს ეხება მთელ რიგ საკითხებს და სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. დღეს უკვე გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავღანეთი. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ყველა მიმართულებით ჩვენს მთავარ პარტნიორთან შეერთებულ შტატებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიამ სენატორებს კანცელარიაში უმასპინძლა. საქართველოში აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში ოთხი სენატორი იმყოფება: ჯონ კაილი (არიზონა), ჯეფ სეშონი (ალაბამა), მაიკლ კრაპო (აიდაჰო), რონ ჯონსონი (ვისკონსინი).