ქართველი მოცურავე ნიკა თვაური ბერლინში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნიკა თვაური ორივე თვალით უსინათლოა. ევროპის ჩემპიონატზე თვაური ლონდონის 2012 წლის პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის იბრძოლებს.
ევროპის ჩემპიონატის საგზური მან თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში გამართულ უსინათლოთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც ბრასით ორმოცდაათ მეტრზე ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო ას მეტრზე - მეცხრე ადგილზე გავიდა.
"ევროპის ჩემპიონატამდე (29 ივნისი -10 ივლისი), კატასტროფულად ცოტა დრო დარჩა. ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში მოუწევს ნიკას და მის მწვრთნელს ლონდონის ლიცენზიისთვის ბრძოლა, ვინაიდან ლონდონის პარალიმპურ თამაშებში S11-ის კატეგორიისათვის ბრასში მხოლოდ 100 მეტრზე იქნება შეჯიბრება. ალანიაში, უნდა აღინიშნოს, რომ ნიკას სრულიად უთანასწორო პირობებში მოუწია ასპარეობა, სხვებისგან განსხვავებით, მას აქვს მარჯვენა ხელის მტევანი ამპუტირებული და კიდურებში ჩარჩენილი ჭურვის 16 ნამსხვრევი (ამ შემთხვევაში, უსინათლოებისთვის, რაიმე შეღავათს წესები არ ითვალისწინებს). ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ცურვის ისტორიაში პირველად აღიმართა საქართველოს სახელმწიფო ალამი. ნიკა თვაურის მიერ აღებული მედალი ცურვის სახეობებს შორის პირველია, რომელიც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში იქნა მოპოვებული", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკა თვარის მწვრთნელმა ჰენრი კუპრაშვილმა.
კუპრაშვილის თქმით, მათი გამგზავრება აღნიშნულ შეჯიბრებაზე საქართველოს პირველ ლედ სანდრა რულოვსისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის მხარდაჭერით მოხდა.
"ჩვენი გამგზავრება ამ შეჯიბრებაზე ქალბატონ სანდრა რულოვსისა და ბატონ გია ნაცვლიშვილის მხარდაჭერით და სეოკ-ის დაფინანსებით განხორციელდა. რომ არა ქალბატონი სანდრა რულოვსის გულისხმიერება ჩვენ ამ ჩემპიონატზე, ვერც კი ვიოცნებებდით. დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს ჩვენს მიმართ სპორტკომპლექს ლაგუნა ვერეს ხელმძღვანელობამ, ვარჯიშებზე ჩვენ ტრანსპორტირება ურუნველყო ვისოლი ჯგუფმა. სამწუხაროა, რომ ისე გაშუქდა ქართული სპორტული ცურვის ისტორიაში ეს უპრეცედენტო მოვლენა, რომ მათი სახელები, ვინც ნამდვილად გვერდში გვედგა ამ წარმატების მოპოვებაში, ტელევიზიებით, არც კი გაჟღერებულა", - განმარტავს კუპრაშვილი.