ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელს მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალისტებთან და სტუდენტებთან ერთად, სამთავისის საეპისკოპოსო სასახლეში აღმოჩენილ დიდი ქართველი ხუროთმოძღვრის ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაველის საფლავს მოინახულებს.
სპეციალისტები შეაფასებენ და სტუდენტები კი გაეცნობიან უკანასკნელ წლებში სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარში განხორციელებულ სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს.
სამთავისის გუმბათიანი, საეპისკოპოსო ტაძარი სამთავნელმა ეპისკოპოსმა ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელმა 1030 წელსა აშენა. წარწერებიდან ირკვევა, რომ თავად ილარიონია ტაძრის მაშენებელი. ქართველ ხუროთმოძღვართაგან ჩვენამდე მხოლოდ ილარიონ ყანჩაელის საფლავმა მოაღწია დღემდე ჯერჯერობით სხვა ქართველ ოსტატთა საფლავები უცნობია.
ილარიონი გარდაიცვალა 1056 წელს და დაიკრძალა საგანგებოს აგებულ ეკვდერში, რომელიც სამთავისის ტაძარს სამხრეთიდან ჰქონდა მიდგმული. წარწერა, რომელშიც მოხსენიებული იყო ილარიონის გარდაცვალების თარიღი 1056 წ. მარი ბროსემ 1848 წელს წაიკითხა, შემდეგ ეს წაკითხვა ჩაასწორა თედო ჟორდანიამ. წარწერა ამოკვეთილი იყო სამთავისის ტაძრის სამხრეთი მინაშენის ინტერიერში, გუმბათოვანი ტაძრის სამხრეთ კედელზე.
მე-19 საუკუნის 40-იან 50-იან წწ-ში სამთავისის ტაძარს ჩაუტარდა დიდი სარემონტო სამუშაო, რომელსაც არქიტექტორი ქსავიე რიპარდი ახორციელებდა. ამ არქიტექტორის გადაწყვეტილებით მოინგრა ტაძრის დაზიანებული მინაშენები. ამ დროს დაინგრა ილარიონ სამთავნელის ეკვდერი და კედლიდან მოშალეს 1056 წლით დათარიღებული წარწერაც.
2009 წელის არქეოლოგიური სამუშაოების დროს, როდესაც სამთავისის სამნავიანი ადრე შუასაუკუნეების ბაზილიკის ჩრდილოეთი ნავის დასავლეთ მონაკვეთი ითხრებოდა, გადაწყდა ილარიონ სამთავნელის ეკვდერის საძირკვლის მოშლაც, რადგან მას აღარც მხატვრული და არც ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა. შედეგად მთლიანად გამოვლინდა ბაზილიკის ჩრდილოეთი კედელი. გათხრების შედეგად კი ბაზილიკის კედელში აღმოჩნდა ერთი საფლავი, რომელიც რიპარდის მიერ მონგრეული ეკვდერის იატაკში იქნებოდა მოწყობილი, ეს საფლავი სწორედ ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოსის განსასვენებელი უნდა იყოს.