რუსეთის ფედერაცია მეზობლების მიმართ კვლავ საბჭოთა მეთოდებს იყენებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"ამგვარი გამოსვლები ჰქონდა სტალინი ფინეთის, ბალტიისპირეთის ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დროს ჰქონდა. კოსაჩოვის გამოსვლაც ანალოგიურია, რომ მათ უყვართ ქართველები და ქართველებსა და რუსებს შორის პრობლემები არ არსებობს. აქ რეალურად არაფერი შეცვლილა. მაგრამ რაც მათ ჩაიდინეს, ამას ჰქვია ოკუპაცია და ეთნოწმენდა", - აღნიშნა მალაშხიამ.
მისი თქმით, რუსული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსასწორებლად საქართველოს ხელისუფლება მზად არის ისაუბროს რუსეთის ხელისუფლებასთან.
"ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთგზის გააკეთა. საქართველო მზად არის ისაუბროს დევნილების დაბრუნებაზე, მათ უსაფრთხოებაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოსწორებაზე", - დასძინა მალაშხიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს და აღნიშნა, რომ მოსკოვში ქართველ ხალხს მეგობრად მიიჩნევენ.