ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს და რუსეთის ხელისუფლებას უნდა, საქართველოს მთელი ტერიტორია ოკუპირებული იყოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ ოპოზიციის მიერ გაზაფხულზე დაგეგმილი საპროტესტო აქციების შეფასებისას განუცხადა.
"ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს და ასევე რუსეთის ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო არ ვითარდებოდეს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მსგავსად საქართველოს მთელი ტერიტორია ოკუპირებული იყოს და მას მართავდნენ ისეთივე მარიონეტები, როგორც ეს ოკუპირებულ რეგიონებშია", - აღნიშნა მალაშხიამ.
მისი თქმით, კრემლისა და ქართული ოპოზიციის ნაწილის მსგავს სურვილებს საქართველოს მოსახლეობამ პასუხი უკვე გასცა, როდესაც ერთიანობის ნიშნად მილიონ-ნახევრიანი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა, ასევე რეიტინგების დროს, როცა მიუხედავად ქვეყანაში რეფორმების გატარებისა, ეკონომიკური კრიზისისა და სერიოზული სოციალური პრობლემებისა, მოსახლეობის 50%-მა მხარი ხელისუფლებასა და მის კურსს დაუჭირა.
"რეფორმების გატარების დროს ხელისუფლების ამგვრი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან პრაქტიკულად არც ერთ სახელმწიფოში არ ყოფილა", - დასძინა უმრავლესობის წევრმა.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საპროტესტო აქციების გამოყენებას საქართველოს ანექსიისთვის, მალაშხიას მიაჩნია, რომ ამის სურვილი კრემლს აქვს, მაგრამ მსგავსი ქმედება აღკვეთილი იქნება საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი ნორმების დაცვით.