უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ირაელთან ურთიერთობის გაფუჭება მხოლოდ ერთ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებას არ ნიშნავს და ის მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებთან სერიოზულ პრობლემებსაც გულისხმობს.
"ისრაელი ეს არის ძირითადი ქვეყანა, რომელიც საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობდა და მას თანამედროვე სამხედრო საშუალებებს აწვდიდა. სწორედ ისრაელი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელი და ფაქტობრივად, სხვა არც ერთი ქვეყნისგან ჩვენ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს არ ვიღებდით. ამასთან, მეორეს მხრივ,
ისრაელი, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი მტერი, ახერხებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ისეთი ძლიერი უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც არსებულ საფრთხეებს მინიმალურად ამცირებს. ისრაელი იგივე სპეცსამსახურების მომზადების, სამოქალაქო თავდაცვის სისტემის თუ თავდაცის სისტემის განვითარების თვალსაზრისით არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელსაც სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია ჩვენთვის, მით უმეტეს, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებთ. ერთი სიტყვით, ისრაელი შეიძლება საქართველოსთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი ყოფილიყო. გარდა ამისა, ისრაელი ეს არის, ერთგვარად, მსოფლიო ფინანსური ცენტრი, ამიტომ მასთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს არა მხოლოდ ერთ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაფუჭებას, არამედ სერიოზულ პრობლემებს მსოფლიო ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებთანაც, რადგან ვიცით, რომ თუნდაც შეერთებულ შტატებში ისრაელს საკმაოდ სერიოზული ლობისტი ჯგუფები და დიასპორა ჰყავს. ამიტომ საქართველოსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, რომლის ნიშნებიც ებრაელი ბიზნესმენების დაკავებით გაჩნდა, მხოლოდ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება და ის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზეც უარყოფითად აისახება",- განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება ისრაელის მიერ საქართველოს საშიშ ქვეყანათა ნუსხაში შეტანას, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი აღნიშნულს ქართველი სამართალდამცველების მიერ ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასა და მათთვის პატიმრობის შეფარდებას უკავშირებს.
"საქართველო ე.წ. საშიში ქვეყნების სიაში ისრაელმა პირველად მაშინ შეიყვანა, როცა ქართველმა სამართალდამცველებმა ებრაელი ბიზნესმენები დააკავეს, თუმცა ორ კვირაში სიიდან ამოიღეს და ყველასთვის გაურკვეველი იყო, რა გახდა ამის საფუძველი - რა შეიცვალა ორი კვირის განმავლობაში? მაშინ მე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ჩვენი ხელისუფლება ბიზნესმენების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შესაძლოა ისრაელის სახელმწიფოს გარიგებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგაც ჩვენ კვლავ საშიშ ქვეყანათა სიაში აღმოვჩნით. გარდა ამისა, ერთ-ერთი ებრაული კომპანია საქართველოს წინააღმდეგ ჩივის და 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის დარღვევისთვის 100 000 მილიონს 4 წლის შემდეგ ითხოვს. ამ კუთხითაც შეიძლება პარალელი გავავლოთ და ვივარაუდოთ, რომ ესეც ებრაელი ბიზესმენების დაკავებას უკავშირდება", - აღნიშნა სესიაშვილმა.
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის აზრით, ისრაელთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება - პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაკავებული ბიზნესმენები შეიწყალოს, თუმცა აღნიშნულიც კი, სესიაშვილის აზრით, "ვერ დაგვაბრუნებს ისრაელთან თანამშრომლობის იმ ფორმატში, რომელიც მასთან აქამდე გვქონდა".
"მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე დაუშვა სერიოზული შეცდომები. ვერ გათვალა ის რისკები და საფრთხეები, რაც შეიძლებოდა ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას მოჰყოლოდა, ამიტომ ახლა უკან დასაბრუნებელი გზა ცოტა უფრო რთულია. ბიზნესმენების გათავისუფლება, რომლებზეც ვამტკიცებთ, რომ კანონიერად არიან დაკავებულნი, ვეღარ მოხდება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საერთაშორისო საზოგადოებაში უარყოფით გამოხმაურებას გამოიწვევს და დაადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის პოლიტიზირებული. ამიტომაც რჩება ერთი გზა - საქართველოს პრეზიდენტმ მიიღოს გადაწყვეტილება და შეიწყალოს ეს ბიზნესმენები. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს შეიძლება გამოსავალი იყოს, მაგრამ ისრაელთან თანამშრომლობის იმ ფორმატში ვერ დაგვაბრუნებს, რაც მასთან აქამდე გვქონდა (თელ ავივი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენების დაკავება იყო არა კრიმინალთან ბრძოლა, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგებული უსამართლო მახე, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოსგან ქართული მხარისთვის გაგზავნილი არაერთი წერილი და შეთავაზება მოჰყვა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა. ეს ცხადია, სამომავალო ურთიერთობებზე უარყოფითაც აისახება)", - განმარტავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა საქართველო საშიში ქვეყნების ნუსხაში დააბრუნა. ქვეყნის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში შედის, საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა პასექის დღესასწაულის წინა დღეებში საქართველოსა და სომხეთში გამგზავრებისაგან თავი შეიკავონ. შტაბის აზრით, ამ ქვეყნებში არსებობს საფრხე იმისა, რომ ისრაელის მოქალაქეებს "ჰეზბოლას" ან "ჰამასის" ტერორისტები მოიტაცებენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ისრაელის მიერ საქართველოს საშიში ქვეყნების სიაში შეყვანას წინ უძღვოდა ქართველი სამართალდამცველების მიერ ებრაელი ბიზნესმენების: რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს დაკავება, რომელთა გათავისუფლებაც თელავივი სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს ორი კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით. ბიზნესმენები დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამოცხადდნენ, რაც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემას ითვალისწინებს. ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.