"საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაიღუპა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"2011 წლის 8 აპრილს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გალის რაიონში შეიარაღებული შეტაკების დროს დაიღუპა ერთი რუსი მესაზღვრე და ორი თითქოსდა „ქართველი დივერსანტი".
საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში შეიარაღებული კრიმინალური „გარჩევის" დროს დაღუპულია ერთი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების მოსამსახურე და ორი პიროვნება, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2002 წლიდან ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის ძებნილი ლაშა სიჭინავა, რომელსაც დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნული კრიმინალური ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაქცეულია კრიმინალურ "შავ ხვრელებად", სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერით ადგილი აქვს იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, ბირთვული მასალების კონტრაბანდას, ადამიანთა ტრეფიკინგს და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზებას.
"რუსეთის ფედერაციაში და მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე თავშესაფარი ეძლევათ ე.წ. კანონიერ ქურდებს და სხვა ყველა ჯურის კრიმინალურ ელემენტებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება კრიმინალური "გარჩევები" - გავლენის სფეროებისა და ფულის გადანაწილების მიზნით - რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს, რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებსა და კრიმინალებს შორის", _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ გალის რაიონში რუსი სამხედრო გვარად კვიტკო მოკლეს. იგი აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურში მსახურობდა. გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორი ლავრენტი მიქვაბია აცხადებს, რომ ინციდენტი სოფელ ჭუბურხინჯში პატრულირების დროს მოხდა. უცნობმა პირებმა რუსი ოკუპანტების პატრული დაცხრილეს, რის შედეგადაც სამხედრო გარდაიცვალა.
რუსმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი თავდამსხმელი მოკლეს. ადგილზე მისულმა ე.წ. სამართალდამცავებმა მოკლულებში გალის რაიონის ორი მკვიდრი გვარად ხარჩილავა და სიჭინავა ამოიცნეს, რომლებიც დივესიისა და მკვლელობების გამო ძებნაში იმყოფებოდნენ. დამნაშავეები საქართველოს ტერიტორიაზე იმალებოდნენ.