დღეს, 9 აპრილს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის დიდ დარბაზში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება.
კონცერტში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტ ზვიად გამსახურდიასა (ვიოლინო) და დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად მონაწილეობს.
შესრულდება ვახტანგ მაჭავარიანის "ნაცარქექია~, იან სიბელიუსის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, ფერენც ლისტის სიმფონიური პოემა "პრომეთეოსი" (პირველად შესრულდება საქართველოში) და ფერენც ლისტის სიმფონიური პოემა "პრელუდიები".
ზვიად გამსახურდია (უმცროსი) შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 1992 წელს დაიბადა, მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობის გამო იძულებული გახდნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ. ვიოლინოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დორნახის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო. 2002-2009 წლებში იგი ემილი ჰაუდენშილდთან ბაზელის კონსერვატორიაში სწავლობდა. 2007 წლიდან პროფესორ იოსიფ რისინის სტუდენტია ჯერ ციურიხის, შემდეგ კი კარლსრუეს კონსერვატორიაში. სხვადასხვა დროს ასწავლიდნენ აღიარებული პედაგოგები, მათ შორის, ჰელმუტ ცეჰეტმაირი, ანა ჩუმაჩენკო, ზახარ ბრონი და მიხაილ ვაიცნერი.
2004-2005 წლებში ზვიად გამსახურდიამ შვეიცარიის ნაციონალურ კონკურსში პირველი პრიზი მოიპოვა, ასევე, დაიმსახურა კივანისის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზი. 2007 წელს მას მიენიჭა იურა-ს საერთაშორისო ფესტივალის მეორე პრიზი.
ზვიად გამსახურდიას, როგორც სოლისტის, დებიუტი ორკესტრთან ერთად 12 წლის ასაკში შედგა. იგი ხშირად უკრავს თავისი ძმის, დემეტრეს საფორტეპიანო აკომპანემენტით შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და საქართველოში.
2009 წლის მაისში იგი, როგორც სოლისტი, სიბელიუსის კონცერტის შესრულებით წარდგა ბაზელის შტატ-კაზინოს საკონცერტო დარბაზში. სოლოკარიერასთან ერთად ზვიად გამსახურდია სიმებიანი კვარტეტის პრიმარიუსი და ბაზელის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერია.