რუსეთი გალში რუსი სამხედროს მკვლელობაში საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტულ ცენტრს ადანანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესაცებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის დივერსიული ჯგუფის წევრები, რომლებმაც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ რუს სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა, განადგურებულნი არიან.
"აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაცემებით, ორი მოკლული საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის დივერსიული ჯგუფის წევრია და ისინი აფხაზეთში სადაზვერვო სამუშაოს ჩასატარებლად იყვნენ გადასული, ასევე შესაძლოა მათ დივერსიული აქტების მოწყობა ჰქონდათ განზრახული", _ აცხადებენ რუსეთის "ეფ-ეს-ბე"-ში.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში რუსი სამხედრო გვარად კვიტკო მოკლეს. იგი აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამსახურში მსახურობდა. გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორი ლავრენტი მიქვაბია აცხადებს, რომ ინციდენტი სოფელ ჭუბურხინჯში პატრულირების დროს მოხდა. უცნობმა პირებმა რუსი ოკუპანტების პატრული დაცხრილეს, რის შედეგადაც სამხედრო გარდაიცვალა.
რუსმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ორი თავდამსხმელი მოკლეს. ადგილზე მისულმა ე.წ. სამართალდამცავებმა მოკლულებში გალის რაიონის ორი მკვიდრი, გვარად ხარჩილავა და სიჭინავა ამოიცნეს, რომლებიც დივესიისა და მკვლელობების გამო ძებნაში იმყოფებოდნენ. დამნაშავეები საქართველოს ტერიტორიაზე იმალებოდნენ.