სეპარატისტული აფხაზეთის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. აფხაზეთის რელიგიური მოღვაწეები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთნი - ბესარიონ აპლიას უჭერენ მხარს და ადასტურებენ, რომ ახალი ათონის წინამძღვრად რუსი იღუმენის ხილვა სურთ, მეორენი კი მონასტრის წინამძღვრად აფხაზი ეროვნების წინამძღვარს აღიარებენ.
ე.წ. სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის წინამძღვრის ბესარიონ აპლიას მომხრე სასულიერო პირები მიმართვას ავრცელებენ, რომელშიც უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბესარიონ აპლიამ მალულად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ერთპიროვნული შეთანხმებით ახალი ათონის წინამძღვად იღუმენი ეფრემი დანიშნა.
მეტიც, როგორც აღმოჩნდა, სასულიერო პირების დავაში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფშიც ჩაერია და ბესარიონ აპლია და ანდრეი ამპარი თავისთან სასაუბროდ დაიბარა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბაღაფშმა მხარი რუს სასულიერო პირს დაუჭირა და ამპარს "არასანქცირებული" მიტინგის ჩატარება აუკრძალა. ამავდროულად, ახალი ათონის მონასწრის საძმომ მონასტრის იღუმენად მამა ანდრეი ამპარი აირჩია. ისინი მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები სწორედ აფხაზი ეროვნების უნდა იყვნენ. საერო და სასულიერო შეკრებაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შემდეგი შეკრება 15 მაისს გაიმართება.
ე.წ. სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის სასულიერო პირების მიმართვა აფხაზეთის ეკლესიის მრევლისადმი:
"ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიაში ხდება, იძულებულს გვხდის, მრევლისა და აფხაზეთის ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს პოზიცია.
იმის გამო, რომ ახალი ათონის მონასტრის მნემ, იეროდიაკონმა ანდრემ (ამპარმა) სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის მმართველს ბესარიონს (აპლია) (რომელიც ამავე დროს ახალი ათონის მონასტრის მმართველის მოვალეობას ასრულებს) არაერთგზის მიმართა თხოვნით, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ დადგა საკითხი მონასტრის ხელმძღვანელობის მოწესრიგებისა.
კანდიდატურის ხანგრძლივი და რთული ძიების შემდეგ (იეროდიაკონებმა ვასილისკმა (ლეიბა) და ეგნატემ (კიუტ) კატეგორიული უარი განაცხადეს მონასტრის წინამძღვრობაზე) საეკლესიო საბჭოს წევრების (მათ შორის იეროდიაკონ ანდრეის (ამპარი)) რეკომენდაციით ამ თანამდებობაზე რეკომენდაცია გაეწია იღუმენ ეფრემს (ვინოგრადოვ-ლაკერბაია), რომელსაც მონასტრის მართვის დიდი გამოცდილებს აქვს.
სასულიერო პირების სახელით ბესარიონ (აპლიამ) მიმართა იღუმენ ეფრემს თხოვნით, დახმარება გაეწია თავისი წინაპრების სამშობლოსთვის და ახალი ათონის მონასტერში საბერო ცხოვრება აეღორძინებინა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა არა როგორც მონასტერი, არამედ როგორც სამრევლო ტაძარი.
მიმდინარე წლის 16 მარტს მამა ბესასიონი (აპლია) და მამა ეფრემი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიიღო, რომელმაც დააკმაყოფილა აფხაზეთის სასულიერო პირთა თხოვნა და იღუმენი ეფრემი აფხაზეთში მოღვაწეობისთვის აკურთხა.
31 მარტს იღუმენი ეფრემი აფხაზეთში ჩამოვიდა და მამა ბესარიონმა (ამპარი) იგი იეროდიაკონ ანდრეისა (ამპარი) და მონასტრის ძმებს წარუდგინა. ამ შეხვედრის დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოეწვიათ საეკლესიო საბჭო, რომელიც იღუმენ ეფრემს ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცებდა. მეორე დღეს, 1-ელ აპრილს, საეკლესიო საბჭოს სხდომაზე მამა ბესარიონმა (აპლია) იღუმენი ეფრემი საეკლესიო საბჭოს წევრებს წარუდგინა და ყველა დამსწრეს წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა სთხოვა. ყველა დამსწრე სასულიერო პირმა, მათ შორის მამა ანდრეიმ (ამპარმა), დაადასტურა სურვილი ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად იღუმენ ეფრემის ხილვის შესახებ. მამა ანდრეი (ამპარი) გამოვიდა ინიციატივით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საეკლესიო შეკრებაზე მომხდარიყო. საეკლესიო შეკრება 4 აპრილს დაინიშნა. თუმცა უკვე 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მამა ანდრეიმ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება მონასტრის დატოვების შესახებ და ზომებს იღებს იმისათვის, რომ საერო პირები შეკრიბოს და საეკლესიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გაიგო მოსალოდნელი შეკრების შესახებ და თავისთან სასაუბროდ მიიწვია მამა ბესარიონი და მამა ანდრეი. პრეზიდენტმა დაჟინებით მისცა რეკომენდაცია მამა ანდრეის იმის შესახებ, რომ არასანქცირებული მიტინგი არ გაემართა, იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება მხოლოდ ეპარქიის ხელმძღვანელობის დონეზე გადაწყდეს. მამა ანდრეიმ პრეზიდენტს განუცხადა, რომ აღნიშნულ შეკრებასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამის მიუხედავად, მონასტერში 4 აპრილს 150 ადამიანი შეკრიბა, რომლებსაც ამ საკითხთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ.
სამწუხაროდ, მამა ანდრეი ამ ღონისძიებაზე წამყვან როლს ასრულებდა და შეკრებილების დეზინფორმაციას ახდენდა. ამტკიცებდა, რომ მამა ეფრემი მონასტრის წინამძღვრად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა დანიშნა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ვერც შეიძლება იყოს, ვინაიდან ახალი ათონის მონასტერი მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ დაქვემდებარებაში არ იმყოფება.
იეროდიაკონ ანდრეის მიერ გამოჩენილი დაუმორჩილებლობის გამო, აუცილებლად მიგვაჩნია, მივმართოთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიატს კირილს, რომ მან აღკვეთოს შექმნილი სიტუაცია, ვინაიდან იეროდიაკონი ანდრეი მოსკოვის პატრიარქატის ღვთისმსახურია.
ახალი ათონის მონასტერში...
ჩვენ - ძმები და აქ მცხოვრებელნი: მორჩილები და ბერები წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის მონასტრისა - შევიკრიბეთ სასულიერო კრებაზე და აუცილებელი საკითხების გადაწყვეტისას დავადგინეთ ერთხმად და ერთი გულით დავადგინეთ:
1. უძველესი ტრადიციის შესაბამისად, რომელიც ათონის წმინდა მამებისგან გადმოგვეცა, მონასტრის საძმოს წესდების თანახმად, ჩვენს მამად და მოძღვრად იეროდიაკონ ადრეის (ამპარი) ვირჩევთ.
2. ვევედრებით უფალსა და ღვთისმშობელს, მისცეს ჩვენს წინამძღვარს მამა ანდრეის ძალა და დახმარება რწმენის გასაძლიერებლად და ბერობის განსამტკიცებლად.
მონასტრის საძმო.