აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარია ამერიკელი ჯარისკაცების პოტენციურ განლაგებაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაეგზავნა, ტრამპმა ეს არც დაადასტურა და არც უარყო.
მან უპასუხა, რომ ამერიკელები იმუშავებენ უკრაინასთან და რუსეთთან გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან. ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან და უზრუნველვყოფთ, რომ თუ მშვიდობა იქნება, ის გრძელვადიანი იქნება. ეს ძალიან გრძელვადიანი საკითხია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ორწლიან მშვიდობაზე, რომლის შემდეგაც ისევ ამ ქაოსში აღმოვჩნდებით.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. ჩვენ რუსეთთან ვიმუშავებთ. ჩვენ უკრაინასთან ვიმუშავებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოვიდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების რა სახის გარანტიების შეთავაზება შეუძლია შეერთებულ შტატებს, ტრამპმა განაცხადა: „ამის შესახებ, ინფორმაცია, შესაძლოა, დღესვე მოგაწოდოთ“.
როგორც ცნობილია, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების პოტენციურ გარანტიებზე ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები დაიწყება.
„ჩვენ ასევე ვხვდებით ძირითადი ქვეყნების შვიდ მთავარ ლიდერს და ამაზე ვისაუბრებთ. ისინი ყველანი ჩაერთვებიან, მაგრამ დიდი დახმარება იქნება. უსაფრთხოების მხრივ, დიდი დახმარება იქნება. ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ ევროპული ქვეყნები „თავდაცვის პირველი ხაზია“, თუმცა შეერთებული შტატები „ასევე დაეეხმარება“. „ჩვენ ჩავერთვებით“, - თქვა ტრამპმა.