2015 წელს თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ჩოგბურთის და ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს მოუსმინეს.
ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ემზარ ზენაიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ფედერაცია შეარჩევს 3-3 მონაწილეს, რომლებიც ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სახელით წარდგებიან.
მისი თქმით, ჩოგბურთის განვითარების პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ქვეყანაში ჩოგბურთის სწავლების აკადემიის და დამატებით ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სპორტული კლუბების და კორტების რაოდენობის გაზრდა.
ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, საქართველოში ჩოგბურთის განვითარებას კარგი პოტენციალი აქვს, თუმცა არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს.
ახვლედიანის თქმით, აუცილებელია შეიქმნას გოგოების და ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებები, რომლებიც რეგიონულ ტურნირებსა და შეკრებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ფედერაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს.