მცხეთის რაიონულ სასამართლოში შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის სასამართლო პროცესი გადაიდო. მაია გელდიაშვილის მიერ სოფელ მისაქციელში ჩადენილი საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა დღეს მცხეთის სასამართლოში იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი არ შედგა. განსასჯელი სასამართლო პროცესის დაწყებას სასამართლოს შენობაში ელოდა. გელდიაშვილი 5 წლის შაკო წიკლაურის მკვლელობას აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ აფექტში იმყოფებოდა.
სასამართლო პროცესი ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო. დაცვის მხარემ მოითხოვა, პროცესი გადატანილიყო მომავალ კვირას.
გელდიაშვილის სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო, პირველი სხდომა დანიშნული იყო 22 მარტს, ხოლო მეორე - დღეს.
დღევანდელ სხდომაზე უნდა დაეკითხათ მოკლული შაკო წიკლაურის მამა და მამიდა. სხდომაზე ორივე მოწმე გამოცხადდა, თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. დაცვის მხარე სავარაუდოდ ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადასტუროს, მკვლელობის მომენტში იყო თუ არა გელდიაშვილი ფსიქიკურად აშლილი.
გელდიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15 აპრილს გაიმართება. ბრალების მხარე გელდიაშვილისთვის 15-იდან 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.