"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე NDI - ს ბოლო კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, კვლევები რეალურად ყალბდება ხელისუფლების მხრიდან. რადგან გამოკითხულები დაშინებული არიან და პასუხებს ხელისუფლების სასარგებლოდ სცემენ.
"ველი რეალურად გაყალბებულია ხელისუფლების მხრიდან. ადამიანები დაშინებულები არიან და კვლევის დროს პასუხებს ხელისუფლების სასარგებლოდ სცემენ. მე ეს არაერთხელ მითქვამს NDI-თვის, IRI-თვის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კითხვები დარწმუნებული ვარ თავად NDI-ს წარმომადგენლებსაც გაუჩნდებოდათ. ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიით ამაყობს. თუმცა ამ დროს მოსახლეობის 44 % მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. 17 % -მა კითხვას არის თუ საქართველოში დემოკრატია, უპასუხა არვიცი. ეს ნიშნავს, იმას რომ საქართველოში დემოკრატია მათთვისაც არ არსებობს", - განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, დაუჯერებელია ხელისუფლებაში ნდობას ერთმანეთს არ უცხადებენ და დაუჯერებელია, რომ გამოკითხულთა 52% მმართველი პარტიით კმაყოფილია.
"ხელისუფლებაში ნდობას ერთმანეთს არ უცხადებენ და დავიჯერო 52 % მოსახლეობისა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებით აღფრთოვანებულია და ქვეყანას ცვლილებები არ ესაჭიროება. თუ რეალურად მართლაც ასეა, მაშინ მსოფლიო ფსიქიატრებს უნდა დავუძახოთ რომ გვიშველონ. რეალურად ასე არ არის. ხელისუფლების წინააღმდეგი ათასობით ადამიანია. არა მგონია ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერდეს ისეთ ხელისუფლებას, რომელმაც ვერ გაართვა საქართველოში არსებულ პრობლემებს თავი და საქართველოს 20 % კიდევ წართმეულია", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც მათ NDI-ის კვლევებში 52-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.