"სახალხო კრება" აჭარაში მიწათმოწყობის სფეროში გამეფებულ განუკითხაობას ეხმაურება. მათი თქმით, 2007 წლის დეკემბერში პრეზიდენტის საჩუქრის სახით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, გონიოს თემის მაცხოვრებლებს საზეიმოდ გადასცეს მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. სამი წლის შემდეგ კი გონიოს 271 ოჯახის მიწის საკუთრების მოწმობები ანულირებულად გამოცხადდა.
"ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შორის, რომლებიც საქართველოში ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში ხდება, განსაკუთრებით ცინიკური და უპრეცენდენტოა ხელისუფლების უკანონობა, რომელიც მთლიანად აჭარაში და განსაკუთრებით, სოფელ გონიოში მოხდა", _აცხადებენ "სახალხო კრების" წევრები.
მათი თქმით, აჭარაში კომპეტენტური წევრებით დაკომპლექტებული საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა, რომელიც საბოლოო დასკვნაში ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი ქმედების არაერთ ბრალდებას ასაბუთებს.
როგორც "სახალხო კრების" წევრები აცხადებენ, ამ საჭირბოროტო პრობლემების გადასაჭრელად ისინი ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, "სახალხო კრების" წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებოდნენ და ბათუმსა და გონიოში დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.