ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ "რუსული მაფიის" ლიდერს შაქრო კალაშოვს, იგივე "შაქრო მოლოდოის" 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ იგი ბრალდებულად ფულის გათეთრებაში სცნო.
სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, კრიმინალური ავტორიტეტისათვის მისჯილი დროის ვადა კიდევ ორი წლით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "El Pais"-ი ავრცელებს.
აღსანიშნაია, რომ 2010 წლის 31 მაისს ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლო პალატამ შაქრო კალაშოვს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მილიონი ევროს ჯარიმის სახით გადახდა დაავალა.
"სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის აპელაცია და კალაშოვს სასჯელის ვადა გაუზარდა, მიიჩნია რა იგი ასევე კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელად", _ წერს ესპანური გაზეთი.
პროკურატურის ინფორმაციით, შაქრო კალაშოვი ქართულ-რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობდა რუსეთში 1990 -იან და 2000 -იან წლებში. დანაშაულებრივი მოქმედებებით მიღებული ფული პირინეის ნახევარკუნძულზე სანაპირო კოსტა-დელ-სოლზე უძრავი ქონების შეძენით თეთრდებოდა.
ამასთან ერთად, "კალაშოვის საქმესთან" ერთად, მისი თანამზრახველების საქმეებიც განიხილეს. შედეგად, მიხეილ მდინარაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაევალა. კონსტანტინე ასათიანს და ოლეგ ვორონცოვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 6 მილიონი ევროს გადახდა. ალექსანდრე მინინს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 მილიონი ევროს გადახდა და ბოლოს, ნატალია სეროვა ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით ციხეში 3 წელიწადს გაატარებს და ჯარიმის სახით 3 მილიონ ევროს გადაიხდის.