პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა ფულადი კომპენსაციის ოდენობას სასამართლო დაადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში შედის, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტში განიხილეს.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპენსაცია ეკუთვნის პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად. აგრეთვე, კომპენსაციის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ასეთი რეპრესირებული ადამიანის პირველი რიგის მემკვიდრეა.
როგორ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, კომპენსაციის ოდენობა "კანონით" უნდა ყოფილიყო დადგენილი, თუმცა დღემდე კანონში ასეთი ნორმა არ არსებობდა და შესაბამისად, კომპენსაციაც არავის მიუღია.
მისივე თქმით, კომპენსაცია არ შეიძლება იყოს ერთი ფიქსირებული ოდენობა იმ რეპრესირებულთა მიმართ, რომელთაც ის სხვადახვანაირად განიცადეს და ამის გათვალისწინებით კომპენსაციის ოდენობა სასამართლოს უნდა დაადგინოს.
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი 8 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 20 ათასი რეპრესირებული და მათი პირველი რიგის მემკვიდრეა.