პირველი კომუნიკაცია ქართველ და მალაიზიელ სამართალდამცველებს შორის რამდენიმე საათში შედგება. ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის მალაიზიიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ცნობილი.
საყვარელიძის თქმით, ქართველი სამართალდამცველები წერილს რამდენიმე საათში გაგზავნიან და ქართველი დაკავებულების, ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის საქმეს გამოითხოვენ. ოფიციალური თბილისი ინტერესდება, რა ეტაპზეა ქართველი ქალების საქმე და აპირებენ თუ არა მალაიზიელი სამართალდამცველები ჩამოხრჩობის მუხლის ხანგრძლივი პატიმრობით შეცვლას.
"დღეს ჩვენგან ისევ მოხდება საკითხის ხელმეორედ წამოწევა. მათი კანონმდებლობა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ჩვენი თხოვნა იყო შედარებით ლმობიერი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ. სიტუაცია დღეს არის მძიმე. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ამას ყველაფერს გააკეთებენ. მათთან გვაქვს აქტიური კონტაქტი და მიმოწერა", - განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძე არის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი. პირი, რომელიც მართავდა მოლაპარაკებებს მალაიზიის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან. საყვარელიძე თბილისში დღეს გამთენიისას დაბრუნდა.
გორდაძისა და კოხტაშვილის გათავისუფლება მალაიზიელ კოლეგას საქართველოს პრემიერმა ნიკოლოზ გილაურმაც სთხოვა. მან მალაიზიელ კოლეგას, ნაჯიბ ტუნ რაზაკს, წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში გასული წლის შემოდგომაზე, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება.
დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი გორდაძის მეუღლის, ელდარ დავითიანის მსხვერპლი გახდნენ.
აღნიშნულ საქმეში ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ დავითიანი ცნო და მას თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო აქამდე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დანაშაულში დაკავებულთა ბრალეულობა უნდა განსაზღვროს.