ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წევრებმა მიიღეს ოსი სეპარატისტების წინადადება აღნიშნული შეხვედრების ადგილის სოფელ ერგნეთიდან სოფელ დვანში გადატანის შესახებ. განცხადება ამის შესახებ მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა გააკეთა.
ზეგ, 7 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთის ნაცვლად სოფელ დვანში გაიმართება.
"მხარეთა შორის დღის წესრიგში გამოტანილი იქნება 11 საკითხი, რომელთაგან 4 ჩვენს მიერ დაყენებული საკითხებია. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხი, კვლავ ერთ ერთ ყველაზე მთავარ საკითხად რჩება", _ აცხადებს ჩიგოევი.
შეგახსენებთ, რომ ოსი სეპარატისტები ერგნეთში შეხვედრების გამართვაზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ სოფელ ერგნეთის სკოლაში "ნატოს კუთხე" გაიხსნა. სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთი "ნატოს ზონად" გამოაცხადა.