"მედვედევი პუტინის წინააღმდეგ", - ამ სახელწოდების სტატიას გამოცემა "Del Tagesspiegel"ი აქვეყნებს.
ჟურნალისტ ელკე ვინდიშს აღნიშნულის განმარტების საფუძველს რუსეთის პრეზიდენტის ის გადაწყვეტილება აძლევს, რომელიც მსხვილ კომპანიებში იმ სახელმწიფო მეთვალყურეთა შეცვლას მოითხოვს, რომლებიც პრემიერმა პუტინმა დანიშნა.
"თუკი ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ეს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს სურს, ამ წლის 1-ელი ივლისისთვის რუსეთში სახელმწიფო კაპიტალიზმი დასრულდება. მოდერნიზაციის საკითხების კომისიის სხდომაზე კრემლის ხელმძღვანელმა დაიჩივლა, რომ საინვესტიციო კლიმატზე სახელმწიფოს და ეკონომიკის მჭიდრო კავშირი უარყოფითად აისახება. ამიტომ მას მიაჩნია რომ მინისტრებმა და სხვა მაღალჩინოსნებმა უნდა დატოვონ პოსტები სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან დაახლოვებული კონცერნების დირექტორთა საბჭოებში. მედვედევმა ეს კომპანიები არაეფექტურობაში დაადანაშაულა... მედვედევი პირველ რიგში სწორედ ამით ხსნის „ნდობის დეფიციტს" რუსი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რომელთა საქმიანობაზეც რუსეთი სერიოზულადაა დამოკიდებული. ამიტომ წლის შუა პერიოდში, როდესაც აქციონერების საერთო კრებები ჩატარდება, მთავრობა აპირებს „დარგობრივი მინისტრებისა და ვიცე-პრემიერების დამოუკიდებელი დირექტორებით შეცვლას", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, სტატიის ავტორის მხედველობიდან არ გამოსჩენია ის ფაქტი, რომ პუტინს, რომელსაც დამოუკიდებელი მაკონტროლებლების დანიშვნაზე მედვედევმა პირადი პასუხისმგებლობა დააკისრა, ჯერ-ჯერობით სიტყვა არ დასცდენია ემანსიპაციის იმ მცდელობებზე, რომელიც მისი მოსწავლისგან მოდის.
"კრიტიკულად განწყობილი დამკვირვებლები პრეზიდენტ-პრემიერის ტანდემში ახალ განხეთქილებაზე ალაპარაკდნენ... დამკვირვებელთა მცირე ნაწილი მედვედევის მხრიდან პუტინსა და მის მხარდამჭერებზე განხორციელებულ შეტევაში მხოლოდ ტაქტიკურ სვლას ხედავს - ორივე მათგანს სურს, რომ დამდეგი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითომ განსხვავებული პოზიციების წყალობით მაქსიმალურად მეტი ამომრჩეველი მოიზიდოს, რათა შემდეგ მათ ხმა მისცენ ერთიან კანდიდატს. ეს შეიძლება იყოს ვიღაც მესამე კანდიდატიც, რომელიც მათი ინტერესების გამომხატველი იქნება. სწორედ ამის მომხრეა რუსების უმრავლესობა, რაზეც ახლახანს სახელმწიფოსთან დაახლოვებული კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს. განსაკუთრებულად თამამმა ექსპერტებმა სახელებით ჟონგლიორობაც დაიწყეს. მათ შორის სახელდება სერგეი სობიანინი, რომელიც დღეს მოსკოვის მერია და ცდილობს ეფექტური მმართველის რეპუტაციის მოპოვებას", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ქართულ ვარიანტსაც foreignpress-ი აქვეყნებს.