შინაგანა საქმეთა სამინისტრომ უზენაესი სასამართლოს წინ გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ირაკლი ციკოლია, გოჩა ჩხაიძე, გრიგორ ხარებავა, გენადი კეკელია, დავით კოჩიევი, თენგიზ ღლონტი, მადონა გოგუა, ადა მარშანია, ქეთევან გოგინაშვილი და შოთა გლურჯიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
"ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა გადაკეტეს ძმები ზუბალაშვილების ქუჩა, რის შედეგადაც შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ისინი არ დაემორჩილენ სამართალდამაცავების კანონიერ მოთხოვნას სავალი გზის განთავისუფლების შესახებ და კვერცხები ესროლეს აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის ფასადს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციული საქმეთა კოლეგიამ დაკავებულებს: ირაკლი ციკოლიას, გრიგორ ხარებავას და დავით კოჩიევს მიუსაჯა 20 დღით, ხოლო გენადი კეკელიას 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გოჩა ჩხაიძე, თენგიზ ღლონტი, მადონა გოგუა, ადა მარშანია, შოთა გლურჯიძე და ქეთევან გოგინაშვილი დაჯარიმდნენ ფულადი თანხით 400 ლარის ოდენობით.