მოსკოვში რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ე.წ. ორმხრივი კომისიის სხდომა დასრულდა. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ გაზეთ "რესპუბლიკა აფხაზიას" მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა ვალერი კვარჩიამ ინტერვიუ მისცა, რომელშიც უარყო გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული ტერიტორიული დავის შესახებ.
მან განაცხადა, რომ ტერიტორიული პრეტენზიები არ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პირველი პირებისაგან არ მომდინარეობს.
"მეც და აფხაზური დელეგაციის ყველა წევრი ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს საკითხი რუსეთის ფედერაციის პირველი პირებისგან არ მომდინარეობს. ისინი არ წამოგვიყენებდნენ ასეთ საფუძვლო პრეტენზიას, იმ ურთიერთობების პირობებში, რომლებიც რუსეთთან გვაქვს: მან პირველმა გვაღიარა, მის დახმარებას ვეყრდნობით და სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ამასთან, ოლიმპიადის წინ ამ საკითხის დაყენება ცოტა გასაკვირად გამოიყურება და ძნელი წარმოსადგენია საერთოდ როგორ შეიძლება მისი დაყენება. ამიტომაც ერთობლივი განხილვების დროს, მივედით იმ აზრამდე, რომ საზღვარი არის მდინარე ფსოუ, _ აცხადებს კვარჩია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "საზღვრის დელიმიტაციის სადავო მომენტები სოჭელებისა და კრასნოდარის მხარის პრეტენზია იყო".
"ჯერ კიდევ 1999 წელს ვინმე ბიზნესმენი ბრაგინი და სოჭის ადგილობრივი დეპუტატი გამოვიდნენ პრეტენზიით, რომ აფხაზეთი ხელს უშლის მათ ისტორიული ტერიტორიების გამოყენებაში - კერძოდ, საუბარი იყო აიბგას დასახლებაზე და გაგრის რაიონის ზემო ტყის მასივზე. სოჭის გაზეთებში გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, მათ ასევე მიმართეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ისინი გარკვეულიყვნენ ამ საქმეში და შეექმნათ პირობები იმისთვის, რომ სოჭელებს ამ რაიონში შეუფერხებლად ემოქმედათ. ამ წერილის ასლი ვლადისლავ არძინბასაც გადაეგზავნა და მანაც მისცა განკარგულება გაგრის ადმინისტრაციას, სოჭელების პრეტენზიებში გარკვეულიყვნენ. ერთი სიტყვით, ეს საკითხი სოჭელებისა და კრასნოდარის მხარის მხრიდან მუსირებს", _ აცხადებს ვალერი კვარჩია.
მისი თქმით, მოსკოვში გამართულ შეხვედრის პირველ ოქმში განსაზღვრული იყო, თუ რომელ ძირითად დოკუმენტებს უნდა დაეყრდნონ მხარეები საზვრის დელიმიტაციი საკითხის გადაწყვეტისას და რა არის აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარი დღეს.
"ყველაფერი ეს მთლად ზუსტად არ ემთხვეოდა აღწერის რუსულ ვარიანტს და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო დებატები. საბოლოო ჯამში, ორივე მხარის მიერ გადალახული იქნა წინააღმდეგობა და ხელახლა დაფიქსირდა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის საკანონმდებლო აქტების ხელმძღვანელობით, მკაფიოდაა განსაზღვრული საზღვარი რუსეთსა და აფხაზეთს შორის. ოქმით გამყარდა ის, რომ საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთს შორის გადის მდინარე ფსოუზე დასაწყისიდან ბოლომდე. ამ საკითხის გადაწყვეტის შედეგად გაგრის რაიონის ზემო ნაწილის საკითხი თავისთავად მოიხსნა დღის წესრიგიდან. გარდა საზღვრის ზოლისა დასახლება აიბგასთან. მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ საზღვრის ამ მონაკვეთს მომავალი შეხვედრის დროს დავუბრუნდებით", _ აცხადებს კვარჩია.
მომავალი შეხვედრა ამ კომისიისა სოხუმში გაიმართება. მასზე, აფხაზური მხარის ინფორმაციით, "ორივე რესპუბლიკის საზღვაო საზღვრებზე იქნება მსჯელობა".