საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აბაშის რაიონს სტუმრობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ანჯელის მასივში, სადაც 20 წლის განმავლობაში მიწები არ დამუშავებულა, მერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესვის პროცესს დაესწრო.
სიმინდის უხვმოსავლიანი ჯიში დღეს მხოლოდ 600 ჰექტარზე დათესეს. სააკაშვილი ადგილობრივ ინვესტორს, დავით თოფურიას შეხვდა. კომპანია "ეს-ჯი-აი აგრო", რომელმაც საქართველოში მარცვლეულის წარმოება დაიწყო, აბაშაში მეცხოველეობის კომპლექსის მშენებლობას აპირებს. პროექტის ფარგლებში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 100-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდება.
„როგორი ქარბუქიც არ უნდა იყოს, მაინც უნდა ვიმუშაოთ. 20 წელია, აქ მიწები არ დამუშავებულა და ამ ადგილებს საძოვრებადაც ვერ იყენებდნენ. ადრე აქ 1,5-2 ტონა სიმინდი მოდიოდა, ახალი, ჰიბრიდული ჯიშის თესლით კი, საშუალოდ 8 ტონა, ანუ გაოთხმაგებულ-გახუთმაგებულ მოსავალს მივიღებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველო გახდება სიმინდის ექსპორტიორი. აქ გზის გაყვანა შარშანწინ დავიწყეთ და ვერავინ გაიგო რისთვის გვჭირდებოდა, არადა უგზოობის გამო გარშემო ყველაფერი განადგურდა. აქ რომ გზა არ ყოფილიყო, ვერც წელს დავთესავდით სიმინდს. გზების გაკეთებასთან და ტექნიკის შემოსვლასთან ერთად, აქ ბევრი რამ კეთდება, მათ შორის იწმინდება სარწყავი არხები და კომპლექსურად წესრიგდება ყველაფერი. მსგავსი მიდგომით შევძლებთ არა მარტო საკუთარი თავის გამოკვებას, არამედ მოსავლის ექსპორტზე გატანას და შემოსავლის მიღებას", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, სიმინდზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება და თუ აქ მარცვლეული არ დაივთესება, დანაშაული იქნება.
"აბაშაში ადრეც ატარებდნენ ექსპერიმენტებს, მაგრამ ეს ექსპერიმენტი არ არის - ეს არის მეცნიერულად დადასტურებული ტექნოლოგია იმისა, როგორ უნდა გამოვიყვანოთ აქაურობა სიღარიბიდან და როგორ უნდა გამოვკვებოთ დანარჩენი საქართველო. ფასების ზრდას მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა, მათ შორის ჩვენც. ამიტომ, მომავალ წელს გარშემო ყველაფერი რომ ჩამოინგრეს, საქართველოს საკმარისი საკვები უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ საკუთარი ხალხიც გამოკვებოს და შემოსავალიც მიიღოს. ჯერჯერობით ყველაზე კარგი მდგომარეობა ამ მხრივ დასავლეთშია",_ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, მომავალი წლის დამლევს აუთვისებელი ფართობი არ უნდა დარჩეს არც აღმოსავლეთ საქართველოსა და არც დასავლეთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავისუფალი და დაუმუშავებელი მიწის ერთი მტკაველიც არ უნდა იყოს, როგორც ეს ბელგიასა და ჰოლანდიაშია.
"ტექნიკა იგივე გვაქვს, კომუნიკაციები და გზებიც ისეთი გავაკეთეთ, როგორიც ამ ქვეყნებშია, ჩვენი ხალხი არავის ჩამოუვარდება შრომისმოყვარეობით, ნიჭითა და გონიერებით, გასაღების ბაზრები გვაქვს და რატომ არ უნდა გვქონდეს ისე როგორც ამ ქვეყნებში აქვთ? ასე რომ, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", - განაცხადა სააკაშვილმა ინვესტორთან საუბრისას.
ანჯელის მასივში მიწის დამუშავება წლების განმავლობაში უგზოობის გამო შეუძლებელი იყო. 2009 წელს ამ ტერიტორიაზე სახელმწიფომ გზების მშენებლობა დაიწყო და მას შემდეგ, რაც 34-კილომეტრიანი ბეტონის გზა გაკეთდა, მიწების დამუშავება შესაძლებელი გახდა. მომავალ წელს ამ მასივში 2 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება.