ოსი სეპარატისტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მზად არიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ, მხოლოდ იმ პირობით, რომ შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში ქართულ სოფელ ერგნეთში არ ჩატარდება.
ოსი სეპარატისტები ერგნეთში შეხვედრების გამართვაზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ სოფელ ერგნეთის სკოლაში "ნატოს კუთხე" გაიხსნა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთი "ნატოს ზონად" გამოაცხადა.
მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხდა, რომ ოსურმა მხარემ უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, რომელშიც იუწყება, რომ მზადაა 7 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ჩვენს წერილზე რეაგირება უკვე მოახდინა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის პოზიციას ეთანხმება შეხვედრის ადგილის სხვაგან გადატანის თაობაზე. დამკვირვებელთა მისიამ ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ყველა წევრთან უნდა შეათანხმოს, მათ შორის ქართულ მხარესთან. მათი საბოლოო პასუხე ჩვენ ჯერ არ მიგვიღია", _ აცხადებს ჩიგოევი და აღნიშნავს, რომ ოსური მხარე მიიჩნევს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები სასარგებლოა და მათი გამართვის ადგილის შეცვლას მოითხოვს.
"ჩვენ ამ შეხვედრების საქართველოს სოფელ დვანში გადატანის ინიციატივით გამოვდივართ", _ აცხადებს ჩიგოევი.